ისტორია და მისია
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) არის არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული 25 გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს. ორგანიზაცია აერთიანებს 1000-მდე რეგისტრირებულ წევრს. ასოციაციის მთავარი საყრდენი სწორედ მისი წევრები და არსებული ინტელექტუალური რესურსია.
EPAG-ის წინამორბედი, MAAG – საქართველოს მასკის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, 2004 წელს შეიქმნა, რომელმაც შეკრიბა ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები სხვადასხვა სფეროებიდან. ასოციაციის პროექტები მიზნად ისახავდა ადგილობრივი და საერთაშორისო ქსელების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას და მოხალისეობის პოპულარიზაციას.
2013 წელს, MAAG- ის საბჭომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ, რაც გულისხმობდა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ყველა სხვა პროგრამის კურსდამთავრებულების გაერთიანებას. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, შეიცვალა ასოციაციის წესდება, სახელი კი შემდეგი სახელწოდებით ჩანაცვლდა – ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG). მოგვიანებით, EPAG ასევე გახდა ამერიკის კურსდამთავრებულთა ასოციაციების ევროპული ქსელის (ENAM) წევრი.
ასოციაციის მთავარი მიზანს წარმოადგენს დასავლური განათლების მქონე პროფესიონალებისა და თანამოაზრეების ქსელის შექმნა. EPAG-ი არის პლატფორმა იდეების გენერირებისთვის, სივრცე – სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დასაკავშრებლად, ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალების ქსელის შესაქმნელად, სოციალური აქტივობების განსახორციელებლად.
EPAG– ის მისია ქვეყანაში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაა, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების, გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ადვოკატირების გზით.