ხათუნა ბურკაძემ, EPAG-ის მმართველი საბჭოს წევრმა, საჯარო ლექცია ევროინტეგრაციის თემაზე თბილისის ამერიკულ სივრცეში წაიკითხა
ხათუნა ბურკაძემ, EPAG-ის მმართველი საბჭოს წევრმა, თბილისის ამერიკულ სივრცეში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – “საქართველოს ევროპული მომავალი: კანდიდატობიდან წევრობამდე”.
ხათუნა ბურკაძემ ახალგაზრდებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე და განიხილა მისი ისტორიული, საშინაო და საგარეო ასპექტები. მან საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპები მიმოიხილა. პროფესორმა ბურკაძემ იმსჯელა ევროპული საბჭოს მიერ 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ განზომილებაზე.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ განახორციელოს ევროპული რეფორმები, რომლებიც აუცილებელი პირობაა გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გამოსაყენებლად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მისაღწევად. გაწევრიანების თაობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების დასაწყებად საჭიროა იმ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შესაბამისობაში იქნებიან ევროპულ ღირებულებებთან და ხელს შეუწყობენ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით საკანონმდებლო, ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას.“
“საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს, რაც ევროპული შესაძლებლობების ფანჯრის სრულფასოვან გაღებაზე მიანიშნებს. ეს კი საკუთარი მიზნების განხორციელების საუკეთესო, დემოკრატიული, დაცული, სტაბილური საშუალებაა. ის მოიცავს ევროპული გაერთიანების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის პროფესიული განვითარების თუ ბიზნეს გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებებით. ამასთანავე, ეს გულისხმობს თითოეული ჩვენგანის კანონიერი ინტერესის უზრუნველყოფის ქმედითი ინსტრუმენტების არსებობას და, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის სრული დაცვით, მათზე ხელმისაწვდომობას. სწორედ სამართლის უზენაესობის პატივისცემაა აუცილებელი მოქალაქის უფლებების სათანადოდ რეალიზებისათვის და ამ მიმართულებით მთელი რიგი გარანტიების შექმნისათვის,” – განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.