Alumni Highlights - ესმა გუმბერიძე
Alumni Highlights პროექტის ფარგლებში, გიზიარებთ, ესმა გუმბერიძის FLEX პროგრამის 2013 წლის კურსდამთავრებულის ისტორიას.
ესმა ამჟამად არის გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტი შშმ პირთა მონაწილეობის საკითხებში, შშმ ქალთა ორგანიზაციის პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თავმჯდომარე, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი, ევროპის დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის გამგეობის წევრი, გაეროში ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელთა ქსელის თანადამფუძნებელი.
ესმა გუმბერიძემ ოქროს მედლით სკოლის დასრულების შემდეგ მოიპოვა სრული სახელმწიფო დაფინანსება, რომლითაც დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სწავლის პერიოდში ის გახდა პირველი შშმ სტუდენტი ევროკავშირს გარეთ მდებარე ქვეყნიდან, რომელმაც გაიარა ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტმობილობის პროგრამა (გრძელვადიანი აკადემიური გაცვლა) და 2 სემესტრი გაატარა ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (გერმანია) და ალექსანდრუ იიონ კუზას სახელობის ქ. იაშის უნივერსიტეტში (რუმინეთი).
სტუდენტობის პერიოდში ესმა აქტიურად მოხალისეობდა სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, მათ შორის გლოუ ბანაკის ლიდერად და მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა სხვა პროექტებით; კითხულობდა საჯარო ლექციებს წერდა ბლოგებს ქალთა, შშმ პირთა, ბავშვთა უფლებების საკითხებზე; უსინათლო პირებთან ურთიერთობის ჰჰეტიკეტზე; საჯარო გამოსვლის ხელოვნებაზე, ასევე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. დაუწერია კომენტარები და რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელით შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტი/კითხვარი. მას აგრეთვე მიყავს გადაცემა ჰელფინგ ჰენდის რადიო ჩემი ხმის ეთერში.
ესმა 2019 წლის ოქტომბერში სიტყვით გამოვიდა გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეის მე-3 კომიტეტზე, როგორც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ამ მანდატის ამოწურვის შემდეგ ის აქტიურად მონაწილეობდა ყოფილ ახალგაზრდობის წარმომადგენელთა ქსელის შექმნაში. ესმა დღემდე უამრავ ახალგაზრდას მენტორობს, უზიარებს გამოცდილებას ჯგუფურად და ინდივიდუალურად