EPAG აგრძელებს „დამალული განძის / Hidden Treasures” ინიციატივის განხორციელებას

EPAG აგრძელებს „დამალული განძის / Hidden Treasures” ინიციატივის განხორციელებას, რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების გაძლიერებაა. ამ მისიით ამჯერად კახეთს ვესტუმრეთ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდით ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ისტორიის, ბიზნესის, ფილოსოფიისა თუ უცხო ენების ფაკულტეტებიდან. საუბარი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს – ხელოვნურ ინტელექტსა და სამუშო გარემოს მომავალს ეხებოდა. შეხვედრას EPAG-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, დავით დარსაველიძე და გიორგი არველაძე უძღვებოდნენ. სტუდენტებთან ერთად განიხილეს, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროსა თუ სამუშო გარემოს, როგორ იქმნება ახალი კარიერული შესაძლებლობები და როგორ იცვლება მომავლითვის საჭირო უნარები. გარდა ამისა, საუბარი ისეთ თემებსაც ეხებოდა, როგორიცაა წარმატება, ბედნიერება, დასაქმება, მეწარმეობა, ფინანსური ცოდნა და პრაქტიკული რჩევები გასაუბრებისთვის. Hidden Treasures შეიქმნა, რათა დიდ ქალაქებს მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებს გავუზიაროთ ცოდნა, გლობალური ხედვა და მივცეთ მოტივაცია. ეს ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა, რომელიც სრულად EPAG წევრების შემოწირულობით დაფინანსდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.